ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

 

ათენის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ დღეს დილით ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მაშველები ასაკოვან წყვილსა და კიდევ სამ ტურისტს ეძებენ.

 

პოლიციაში აღნიშნეს, რომ ტურისტებს, რომელთა ეროვნებაც ჯერჯერობით უცნობია, სახლი პარასკევს უნდა დაეტოვებინათ სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა ისინი აეროპორტში არ გამოცხადებულან.

 

ათენის მერის, ჰარის დუკასის ცნობით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას უკავშირდება.