სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

ნეპალში, ტრიშულის მდინარეზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან მაშველებმა ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ისინი გვირაბში ცხრა დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს მდინარის ხეობაში ყინულის, კლდისა და ტალახის მასა ჩამოიშალა. სტიქიას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

 

ოფიციალური პირებისა და სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების განცხადებით, 26 აგვისტოს ტრიშულის მდინარის სათავეებთან მყინვარის ჩამოშლის შედეგად მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში, სავარაუდოდ, სულ მცირე 900 ადამიანი აღმოჩნდა გარე სამყაროს მოწყვეტილი.

 

გადარჩენილი მუშები ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

ნეპალის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, გადარჩენილები არიან მექანიკური განყოფილების რიგითი თანამშრომელი სანჯაი საჰი და მექანიკური განყოფილების ზედამხედველი კაბირ მაჰარჯანი.

 

როგორც Reuters-ი წერს, ნეპალში გასული კვირის სტიქიის შედეგად განადგურებული უძრავი ქონების, საცხოვრებლებისა და ინფრასტრუქტურის ღირებულებამ, სულ მცირე, 387,5 მილიარდი ნეპალური რუპია, დაახლოებით 2,56 მილიარდი დოლარი შეადგინა. სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 20 000 სახლის აღდგენაა საჭირო. სულ მცირე 7 500 საცხოვრებელი მთლიანად განადგურდა.

 

ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად უცხო ქვეყნის სულ მცირე 583 მოქალაქე დაიკარგა. მათი უმეტესობა მომლოცველი და ტურისტი იყო, რომლებიც მთიან რეგიონებში მოგზაურობდნენ.