გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
ქვეყნის მასშტაბით 111 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 ერთეულის სინჯი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებს მხოლოდ 14 ნიმუში.
კერძოდ, დიზელის საწვავის 12 სინჯში დაფიქსირდა გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან, ხოლო ბენზინის 2 ნიმუშში დაფიქსირდა ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების, ასევე ეთერების მოცულობითი წილის ნორმიდან გადაჭარბება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. აღსანიშნავია, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე, საწვავში ბოლო წლებში არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს მომდევნო წელსაც შეამოწმებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.









