ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადოებამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერ-მინისტრებს.
„გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. გუშინ, ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს ვინ, რატომ, უცებ თანამდებობიდან მიდიან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, ისევე, როგორც წინა პრემიერ-მინისტრის ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია.
რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი?! რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები?! მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როცა უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, რა პრინციპით – ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები. ეს არის რეალობა, რომელშიც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.