ქვემო ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა

იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა.ყველაზე მეტი ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინეს.
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 78 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 48 ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში – 51 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით – 18 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18 ფაქტი, ხოლო თბილისში 68.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით.