ხორავაზე მომხდარ მკვლელობამდე სკოლის საპირფარეშოში ინციდენტი მოხდა, რასაც მანდატური შეესწრო

როგორც ყენიამ განაცხადა, ის ხორავას ქუჩიდან პირდაპირ პოლიციაში წავიდა, სადაც გაიგო, რომ სკოლის საპირფარეშოში რაღაც ინციდენტი მოხდა.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის და მისი მოადგილის, თინათინ ყენიას მტკიცებით, მათ დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად გაიგეს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე სკოლის საპირფარეშოში ინციდენტი მოხდა და მას მანდატური შეესწრო.

როგორც ყენიამ განაცხადა, ის ხორავას ქუჩიდან პირდაპირ პოლიციაში წავიდა, სადაც გაიგო, რომ სკოლის საპირფარეშოში რაღაც ინციდენტი მოხდა.

ამის შემდეგ ყენიას და თურქაძის თქმით, ორივე მათგანმა გამოკითხეს მანდატურები, რომლებმაც თქვეს, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ყენიას თქმით, თუკი მანდატური რაიმე ფაქტს შეესწრებოდა, იმ მოსწავლეს აუცილებლად მიუყვანდა დირექტორს, თუმცა უბედურ შემთხვევამდე ეს არ მომხდარა.

“პირადად მე დღეს, თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ მანდატურს ამის შესახებ არ უთქვამს“, – განაცხადა მანანა თურქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

წყარო: ინტერპრესნიუსი