შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.შარშან შესაბამის პერიოდში კი 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7195 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის 5382 მამაკაცია, 1813 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3786 პაციენტს. 1471 პაციენტი გარდაიცვალა. 31 ივლისის მონაცემებით, მკურნალობას იტარებს 4409 პირი.
„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.6 % (2924) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.9 % (3305) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 10.9 % (781) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან ; 1.4 % (101) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2622 შემთხვევა, მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა. 2 დაუდგენელი), სამეგრელოში 914 (აქედან ზუგდიდი – 605), შემდეგ იმერეთში 898 (ქუთაისი 436), აჭარაში 813 (ბათუმი – 512), აფხაზეთში (451), კახეთში (348) ქვემო ქართლში (373), შიდა ქართლში (271), გურიაში (153), ფოთში (110), სამცხე-ჯავახეთში (100) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ-ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.