საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შს სამინისტროს შემადგენლობაში ბრუნდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შს სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია.

უწყება, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება, კვლავ შს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდება და ამ ფორმით 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება – კანონპროექტი მზად არის, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე გავა და შემდგომ პარლამენტში გადაიგზავნება.

არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, შს სამინისტროსთვის დაქვემდებარებულ უწყებას შალვა ხუციშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც დღის მდგომარეობით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს, მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოეყო და მათ ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა და ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა.

აღნიშნული ცვლილებები მაშინ განხორციელდა, როცა შს მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დაიკავა. ახალი სამსახურის ხელმძღვანელობა კი, გახარიას წინამორბედს გიორგი მღებრიშვილს ჩააბარეს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდის მთავრობის შემადგენლობიდან წასვლიდან მალევე დატოვა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ბოლოს დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც შს სამინისტროს შემადგენლობიდან გასული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმირება და ახალი სისტემით ჩამოყალიბება მოხდა.