მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდა.სადღესასწაულო წირვა -ლოცვა აღავლინა რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა დაითმინა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 მაისი წმიდანის აღსრულების დღეა.