ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა ცვლილებათა პაკეტი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა, კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა.
„მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ეს აპრობირებული პრაქტიკაა. ამის ამოქმედების შემდეგ უკვე სახიფათო იქნება – „მოდი ძმაკაცს ვათხოვო მანქანა“, ან „ჩემი პატარა შვილი დავსვა საჭესთან“. ასევე ნაპოვნია გზა, რათა სამართლებრივად დარეგულირდეს ლიზინგების თემაც. ახლა ვსაუბრობთ ყველასთან, რომ პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, მისი განხილვა უკვე მოხდა არასამთავრობოებთან და მხარს გვიჭერენ. გვინდა ეს ცვლილებები უახლოეს მომავალში მთავრობას წარვუდგინოთ და შემდეგ უკვე პარლამენტს. ჩვენი სურვილია, რომ ეს სიახლე უკვე წელს ავამოქმედოთ“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო კამპანია – “მეტი სიცოცხლისთვის”, რაც მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებასა და ტრანსპორტით უსაფრთხოდ გადაადგილებას ეხება.