დაზიანებები სახესა და შუბლზე-23 წლის მეზღვაურის გარდაცვალების ახალი დეტალები

ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის გარდაცვალების ახალი დეტალები- ვრცელდება ექსპერტიზის დასკვნა,რომელიც ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს ჩაუტარდა. 

23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ზღვაში, ხელებშეკრული ჯერ კიდევ იანვარში იპოვეს. მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ლიბიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.

ქართულ მხარეს კი ცხედარი მხოლოდ რამდენიმე თვიანი დაგვიანებით გადასცეს, რის გამოც სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი გახდა .

„სხეულის ხრწნის გამო სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომელიც მიღებულია მაგარი საგნით. ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების ”თოკით” შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე – ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა, ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, – აღნიშნულია დასკვნაში.

წყარო: რუსთავი 2