“ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობას განსახილველად წარუდგინა.
წარდგენილი ცვლილებები მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფას ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის გზით ითვალისწინებს , რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა დაცვას შეუწყობს ხელს.
უწყების ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნა. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას მოძალადეზე არაუმეტეს ერთი თვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. აღნიშნულის მიზანია მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის კონტროლი;
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დგება ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.
მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება წარმოადგენს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ,სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით გულისხმობს.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით, დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო;
ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის – UN WOMEN-ის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ UN WOMEN-მა შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.