პარლამენტი პრეზიდენტს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პარლამენტი პრეზიდენტს ბავშვთა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დროს, შეწყალების საკითხზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განუცხადა, პრეზიდენტმა გარკვეულ შემთხვევებში შეწყალების აქტის განხორციელებისგან თავი უნდა შეიკავოს.

“მისასალმებელია, რომ პრეზიდენტმა დაასრულა მუშაობა შეწყალების აქტის კუთხით და გვექნება მექანიზმი ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს იმ ადამიანების შეწყალებას, რომელიც რეალურად იმსახურებს ამ ჰუმანური აქტით სარგებლობას. თუმცა, არის მეორე ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციურად საშიში საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს პრეზიდენტს, კონკრეტული შეწყალების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას. პარლამენტმა ქალბატონ სალომეს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრება, რა შემთხვევაში უნდა იყოს პრეზიდენტი განსაკუთრებით ფრთხილი შეწყალებისას. ჩვენი აზრით, არის შემთხვევები, რაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. მაგალითად, ბავშვთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, პედოფილია, ასევე ქალების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

ვინაიდან არ არსებობს სტანდარტიზებული შეწყალება ამიტომ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოში ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას ვერ გაითვალისწინოს მოვლენების ყველა შესაძლო განვითარება. აქედან გამომდინარე, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეციდივი მოხდეს. ამისგან არცე რთი პრეზიდენტი დაზღვეული არ არის. როდესაც თვალნათლივ არის საფრთხე გასააზრებელი და ვხედავთ, რომ დანაშაული შესაძლოა მოხდეს, პრეზიდენტმა თავი უნდა შეიკავოს შეწყალებისგან”,- განაცხადა კილაძემ.