საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სახმელეთო გზით დაბრუნდა.
„დღეს დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის სამივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს – 50 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს დაუდასტურდა.