თენგიზ ცერცვაძე – შეზღუდვების დაწესების საჭიროება ჯერჯერობით არ არის 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დგას.

მისივე თქმით, შეზღუდვების დაწესება კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში გახდება საჭირო.

„ჯერჯერობით გამკაცრების საჭიროება იმ თვალსაზრისით, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და რიგი შეზღუდვები დაწესდეს, არ არის. ერთნიშნა რიცხვი, ან თუნდაც 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. თუ დაფიქსირდა რაღაც იმის მსგავსი, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენს მეზობლად; თუ დავინახეთ, რომ ასეთი რაღაცის რისკია ჩვენთან, მაშინ უნდა გამკაცრდეს ზომები. დღეს რა სიტუაციაც არის, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის.

ახლა სხვა რამეა საჭირო – რა მინიმალური შეზღუდვებიც ახლა არსებობს, რომ პირბადეები ვატაროთ, სოციალური დისტანცირება დავიცვათ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი ავარიდოთ, ეს უნდა დავიცვათ და თუ სიტყვა გამკაცრებას ვიტყვით, სწორედ ეს უნდა გამკაცრდეს, რომ დაცული იყოს არსებული მინიმალური შეზღუდვები და არა ის რომ კომენდანტის საათი დაწესდეს და ქალაქებს შორის მიმოსვლა შეწყდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 703 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 კი – გარდაიცვალა.

წყარო. ipn.ge