საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება რიგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს.
მისივე თქმით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.
„რიგგარეშე არჩევნები, ან მასთან მიახლოებული, დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ის არის ლეგიტიმური. პარლამენტი შეიკრიბა, პარლამენტი მუშაობს. პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ “მოქალაქეების” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “ოცნებისა” და “მოქალაქეების” პოზიცია საარჩევნო რეფორმაზე დაახლოებულია.
მისი თქმით, ეს უკანასკნელი შესაძლოა გახდეს შეთანხმების საგანი და პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია შევიდეს. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რამდენიმე დეტალის დასაზუსტებლად მუშაობას გააგრძელებენ.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს შეხვედრა გვქონდა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს. მთავარი არის ის, რომ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.