თურნავა: საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის

საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ცენტრების და მოლების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ბიზნესებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეზღუდული აქვთ საქმიანობა, სავაჭრო ინდუსტრიას შეუძლია საკუთარი რესურსით გააგრძელოს საქმიანობა.

„საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება, ამასთან, წინასაახალწლო პერიოდშიც ვამუშავეთ. შესაბამისად, სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით, მათ შეუძლიათ, მოიკრიბონ ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა. ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ სავაჭრო ინდუსტრია. პანდემიამდე ვიცით, რომ თებერვალი მკვდარი თვე იყო. თუმცა პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა ქცევა განსხვავებულია. მოსახლეობაში დაგროვილია პროდუქტის შეძენის საჭიროება, გადააწყობს თავის ქცევას და მივა სავაჭროდ. ბევრი საჭიროება დაგროვდა – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ოჯახები, ვისაც ბავშვები ჰყავთ და ფეხის ზომა სწრაფად ეზრდებათ და უნდა შეუცვალონ ფეხსაცმელი. ასეთი მომხმარებელი მოლოდინის რეჟიმშია და თებერვალიც საკმაოდ აქტიური იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.