“პატრიოტთა ალიანსის” სიის დეპუტატებმა ახალი პარტია დააფუძნეს

პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოიპოვეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტები” დააფუძნეს. მისი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე არიან.

პარტიის ყრილობაზე “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს. ასევე, დაამტკიცეს პარტიის წესედება და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. პოლიტიკური საბჭო 8 წევრით განისაზღვრა.

4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს მან მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტში შევიდა. პატრიოტთა ალიანსის ის დეპუტატები კი, რომელთაც უარი თქვეს მანდატებზე, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ჩაანაცვლეს.