საქართველოში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის ეტაპზე მობილური ბრიგადების მობილიზება იგეგმება. მისივე თქმით, მეორე კვარტლის შემდეგ, როცა სავარაუდოდ ქვეყანაში უკვე მასიური ვაქცინაცია დაიწყება, განიხილება ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაც.

„ვფიქრობთ მობილური ბრიგადების მობილიზებაზე, მობილური ბრიგადები აუცილებელი იქნება იმ ბენეფიციარების აცრისთვის, ვინც იმყოფება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში,ასევე თუ უკვე გადავალთ ფართომასშტაბიან მოცვაზე, რაიონულ და სოფლის დონეზეც ვისაუბრებთ ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. არსებობს მსოფლიო გამოცდილება მასიური ვაქცინაციის ცენტრების მოწყობისთვის, ჩვენს გეგმაშიც არის ეს ოფცია განხილული, ესეც უკვე იქნება იმ ეტაპზე, როცა დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას, უფრო მეორე კვარტლის შემდეგ როდესაც პირველი პრიორიტეტული ჯგუფები იქნება მოცული და 2-დან 8 გრადუსამდე ვაქცინის რეჟიმით გვექნება გაფართოებული მოცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.