8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს ახლებურად განსაზღვრავენ

რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

„ამჟამად, მომზადდა და წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივის სახით კანონპროექტი, რომელიც 8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს ახლებურად განსაზღვრავს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან.

მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით; დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების გამოთვლის წესშიც შედის ცვლილება, რაც გულისხმობს, თითოეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და გავლენის გათვალისწინებით, სუფთა სუბსტანციაზე დაყრდნობით ოდენობების გამოთვლას.

ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახალი წესით გამოთვლის შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული, სამართლიანი და ჰუმანური სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის წახალისება. ამასთან, ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები“, – განაცხადა სარჯველაძემ.