მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილი მელიას თუ კრიმინალს დაარქმევს, ეს არის მუქარა?

ირაკლი ღარიბაშვილი რაღაცას თუ იტყვის მართალს და მაგალითად, მელიას დაარქმევს კრიმინალს (ვიცით ხომ, სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დადასტურებულად „ქართუ“ ბანკის საქმეზე მელია არის დამნაშავე) და როგორც კი დამნაშავეს, დამნაშავეს დაუძახებ, ეს თქვენი აღქმით არის მუქარა და არ არის მართალი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვაზე: „იყო თუ არა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება პოლიტიკური“, მდინარაძემ განაცხადა:

„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გამოდიოდა და ნულოვან ტოლერანტობას აანონსებდა. ეს იყო პოლიტიკის განსაზღვრა, მათ შორის კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის. როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები 2012 წლიდან მოყოლებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, გამოდიოდნენ და ჰუმანურ პოლიტიკას აანონსებდნენ, ესეც იყო პოლიტიკის განმსაზღვრელი განცხადებები, ამან განსაზღვრა არა მარტო ნიკა მელიას ლმობიერი და ჰუმანური განაჩენი („ქართული ოცნების“, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის 2012 წლიდან დაგეგმილმა პოლიტიკამ), სისხლის სამართლის პოლიტიკამ უზრუნველყო ჰუმანური მიდგომა ადამიანების მიმართ, არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიმართ. რა თქმა უნდა, აქ იყო რისკები, ჩვენი ამომრჩეველი გვისაყვედურებდა ასეტი ხარისხის ჰუმანური დამოკიდებულების გამო, მაგრამ თუკი დემოკრატიაში პოლიტიკურ ფასს იხდი, ეს არის ის პოლიტიკური ფასიც, რაც ჰუმანურობას თან სდევს.

ამიტომ, 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის, ასევე სხვა ლიდერების დაანონსებული და აღსრულებული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, არავისთვის უცხო არ არის იყო. ამას ლაპარაკობდა დღესაც ღარიბაშვილი და თქვენ გინდათ თარგმნოთ, რომ კონკრეტულ „ქეისთან“ დაკავშირებით თქვა მაინცდამაინც ეს. ყველა „ქეისს“ რომ დავანებოთ თავი, კანონი უნდა აღსრულდეს თუ არა, ამაზე გამეცით პასუხი. ერთი მთავარი იარაღი არსებობს საამისოდ, ამ იარაღს ჰქვია სიმართლე.

ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას. თუ ყველანი შევთანხმდებით, რომ საზოგადოებას სიმართლეს ვეტყვით, მაშინ ეს სიმართლე იქნება მთავარი იარაღი, განმსაზღვრელი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოექცევა და ასეთ სპეკულაციური, ტყუილი ნარატივების გაყიდვით, არ დაიწყებს მაგიდასთან დაჯდომაზე საუბარს, არამედ იფიქრებს ქვეყანასა და საქმეზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.