მდინარაძე: მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილს ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დატოვების სურვილი ჰქონდა, რისთვისაც მან შესაფერისი დრო შეარჩია.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განაცხადა, ყოფილი ვიცე-პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ გუნდისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„ქალბატონი მაიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა იქედან გამომდინარე, რომ მან წინასწარ ილაპარაკა ჩვენთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ის ძალიან დიდი ხანია, ბევრი წელია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და 2011 წლიდან არის „ქართული ოცნების“ აქტიური გუნდის წევრი, ადმინისტრაციის უფროსი იყო წლების განმავლობაში, რამდენიმე პრემიერთან წარმატებით იმუშავა და არ შეიძლება მას მადლობა არ გადავუხადოთ, განსაკუთრებით იმ პერიოდისთვის, რომელ პერიოდშიც მან უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. უნდა ვთქვათ სხვათა შორის, რომ ირაკლი ქარსელაძის როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბრიფინგი, რომელზეც მან ისაუბრა 11 თვეში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც აღემატებოდა წინა ხელისუფლების მიერ ჯამში განხორციელებულ პროექტებს. მისი ინფრასტრუქტურის მინისტრობის პერიოდში უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდა ამ ქვეყნისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მაია ცქიტიშვილი ყოველთვის გაიზიარებს სულისკვეთებას და იდეალებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„რაც შეეხება მისი წასვლის მიზეზებს, მან თავადვე განმარტა, რომ რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. მისი პოლიტიკური საქმიანობა დასრულდა მისივე გადაწყვეტილებით. ამას მან თავად გაუსვა ხაზი როგორც პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე იმ ბრიფინგზე, რომელიც მან თავად ჩაატარა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემ. მან დროში დაამთხვია თავისი გადაწყვეტილება. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ცოტა ხნით ადრე პოლიტსაბჭოს სხდომამდე ქალბატონმა მაიას ისაუბრა ამის შესახებ. აქამდე ქალბატონ მაიასთან ასეთი საუბარი არ გვქონია. ვიდრე ის განაცხადებდა ამის შესახებ ჩვენ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვისმინეთ მისი ეს სურვილი, მისი ეს განცხადება. ქალბატონმა მაიამ თავად ბრძანა, რომ რადგან დღის წესრიგში დადგა ახალი პრემიერობის კანდიდატის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა, მან დაამთხვია ეს დროში, რომ სხვა დროს არ ყოფილიყო აუხსნელი მისი წასვლა. ბარემ გადაწყვიტა, რადგან მას ეს სურვილი ჰქონდა, ეს გაეკეთებინა დღეს და ახალ მინისტრთა კაბინეტში მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო. მან თქვა, რომ ის არის გუნდის წევრი, აქტიური მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გაიზიარებს სულისკვეთებას და იდეალებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს – დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ, დამოკიდებულებას სამშობლოს“, – განაცხადა მდინარაძემ.