როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო არ არის ბიძინა ივანიშვილის სახანო, სადაც ბიძინა ივანიშვილის კანონია კანონი, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.
მისივე თქმით, ენმ-ს ოფისში ნიკა მელიასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას დაპატიმრება იქნება გარანტი, რომ ქვეყანა ხვალ საერთოდ აღარ იარსებებს.
„მოვედი ნიკა მელიასთვის სრული სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მეც, ჩემი თანაგუნდელებიც დღეს ვხედავთ, რომ ნიკა მელია უნდა დავიცვათ ყველამ, რადგან მისი დასჯა, მისი დაპატიმრება და მისი არდაცვა იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს, როგორც სახელმწიფო და იფუნქციონირებს, როგორც ბიძინა ივანიშვილის საფეოდალო. როცა ფარცხალაძეს, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს ვიდეოზე გადაღებული ცემის ფაქტზე არ აკავებენ და არც ჯარიმას არ ახდევინებენ, ამ დროს, ნიკა მელიამ თურმე უნდა გადაიხადოს მეორედ ჯარიმა გავრილოვის ღამესთან დაკავშირებულ ინციდენტზე. ეს არის საქართველოს დაცინვა, ეს არის დაცინვა იმ 30-წლიანი ბრძოლის, რომელიც ჩვენმა ხალხმა გაატარა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში; ეს არის დაცინვა ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის და ახლა მინდა, მივმართო თანამოქალაქეებს, ახლა ვინც დაიწყებს იმის ლაპარაკს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, სხვა ოფისი, ამ პარტიის თავმჯდომარე, იმ პარტიის თავმჯდომარე, ამას დავიცავ იმას არ დავიცავ, ეს ადამიანები თავისდაუნებურად ხელს მოაწერენ უსამართლობას, რადგან უსამართლობა და უსინდისობა ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ყველა უნდა დაიცვა.
მე ამ შემთხვევაში ნიკა მელიასთან მაქვს ნამდვილად ძალიან პირადი მეგობრული ურთიერთობაც, ნიკა მელიას ნამდვილად ეკუთვნის დაცვა, რადგან არის წესიერი, პრინციპული ადამიანი და თუ ვინმეს რაღაცა ჭმუნვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ნიკა მელიას ეს ნამდვილად არ ეხება. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, უკანონოდ და უსამართლოდ ვინც უნდა დასაჯონ, თუნდაც ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი იყოს, ისიც დაიცვა, რადგან, მართალი თუ ხარ და იცავ სამართალს, ყველას მიმართ უნდა იყო მართალი, თუ არადა, სხვა რამეს შერჩევითი სამართალი ჰქვია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.