საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რესტორნები: თურნავა შეზღუდვების შემსუბუქების თანმიმდევრობაზე

ნათია თურნავამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამ მიმართულებით რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა.

ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, ეს მხოლოდ მისი აზრია და რეგულაციების მოხსნა ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

კერძოდ, თურნავას თქმით, უპირველესყოვლისა პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა, შემდეგ რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და ბოლოს, ზამთრის კურორტები.

” ჩემი აზრით, პირველი პრიორიტეტი, უახლოესი, არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რომელიც ეხება უამრავ ადამიანს. ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა, თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა, ამ მობილობის შეზღუდვას  და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს.  მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან დაკავშირებით, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც განვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ

თურნავას თქმით, ფიტნეს ცენტრები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება.  მისივე ვარაუდით, დარჩენილი რეგულაციების მოხსნაზე, მსჯელობა მარტის თვეში იქნება მიზანშეწონილი.

“ასევე, სასტუმროებში მივედით საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება.  ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია, ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად”, – ამბობს ნათია თურნავა.