საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმება: საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ჟვანიამ მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს დეტალურად გააცნო ყველა ის შესაბამისი პროცედურა, რომელიც  სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველებმა უნდა გაიარონ.

გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  •  ფიზიკური ჯანმრთელობა;
  •  მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  •  ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  •  გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და პროცედურის გავლა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდნენ  ცხელ ხაზს – 1505.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.