ხაზარაძე: ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

ოპოზიციური პარტიის წევრები ფილარმონიისკენ გაემართებიან, საიდანაც 13:00 საათზე ოპოზიციის მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ შეუერთდებიან.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, 15:00 საათზე დაანონსებულ აქციას “ლელოს” მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

„ჩვენი პარტიის წევრები და ამომრჩევლები ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. აქედან შევუერთდებით სხვა ოპოზიციური პარტიის მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ. ქვეყანა უმძიმეს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პანდემიურ კრიზისში და უიმედობაშია. მთავრობა უსუსურია, ქვეყანაში სუფევს სრული უსამართლობა.

ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს კონსტიტუციის ფარგლებში, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ხაზარაძემ.