რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლებაზე ქვემო ქართლში?

სავალდებულო ტესტირების ფარგლებში, კორონავირუ​სი დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორს და პედაგოგს დაუდასტურდა. როგორც მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, დირექტორს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, პედაგოგს კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 1 კვირის წინ გამოუვლიდა.  მათივე ინფორმაციით, პედაგოგი  სკოლაში არ მისულა და შესაბამისად, მოსწავლეებთან და სხვა მასწავლებლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს პირველ და მესამე საჯარო სკოლებში, ვინაიდან ვირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ. დმანისის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება.

რაც შეეხება გარდაბანს,  რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო ტესტირების ფარგლებში ვირუსი არცერთ პედაგოგს დაუდასტურდა. ამასთან, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, სწავლა დისტანციურად 12 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში მიმდინარეობს.

ტესტირების ფარგლებში კორონავირუსი არ დაუდასტურდა ბოლნისისა და მარნეულის სკოლების პედაგოგებს.

ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. აქედან, 3-ში ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე, ორში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხოლო ერთში მშობლების მოთხოვნის საფუძველზე.

მარნეულში კი სრულად დისტანციურ მეთოდზე არცერთი სკოლა არაა გადასული. თუმცა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, 4 სკოლაში ჰიბრიდული მეთოდით სწავლება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ეტაპობრივად განახლდა. 18 იანვრიდან საკლასო ოთახებში სწავლება განახლდა ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში. 1-ლი თებერვლიდან კი გარდაბნისა და მარნეული მუნიციპალიტეტებში. საკლასო ოთახებში სწავლება არ განახლებულა რუსთავში.