სუბარი: ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს, რის შესახებაც ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან აქვთ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არ გადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკავშირებით უამრავი არაადეკვატური და დესტრუქციული განცხადება მოვისმინეთ.

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიას გირაოს თანხის შეტანისა და ამის „ქართულ ოცნებაზე“ გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა, მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს.

ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე წარადგინოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.

ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება!

ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც როგორც ყოველთვის მათ ეხმარება რუსეთი და ეს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა!

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან!

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება“, – აცხადებს სუბარი.