რუსთავში სწავლების დისტანციური მოდელი მოსწავლეთა 6%-მა აირჩია

სწავლის დისტანციური მოდელი რუსთავში 20 000-დან 1 255-მდე მოსწავლემ აირჩია, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 6%-ია. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მშობლებს ოლნაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება კვლავ შეუძლიათ.

ამასთან, განათლების სამინისტრომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკ ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს ნება მისცა, რომ გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 1 300 მასწავლებლიდან დისტანციურად გაკვეთილებს 17 მათგანი ჩაატარებს. მათ შორის არა მარტო რისკ ჯგუფებში მყოფი მასწავლებლები, არამედ ის პედაგოგებიც არიან, რომლებიც დედაქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად რუსთავში ვერ ჩამოდიან, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს.

რაც შეეხება კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირების შედეგებს, კოვიდი რუსთავში 37 პედაგოგს დაუდასტურდა. მათგან 28 საჯარო, ხოლო 9 კერძო სკოლის მასწავლებელია.

მასწავლებლები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გაკვეთილებს დისტანციურად ჩაატარებენ.

იმ შემთხვევაში თუ კოვიდინფიცირებული მასწავლებელი დაწყებით კლასებს ასწავლის და რამდენიმე გაკვეთილს ატარებს შესაძლებელია, რომ დისტანციურ ფორმატზე მთელი კლასი გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 15 თებერვალს სწავლა საკლასო ოთახებში რუსთავის ყველა სკოლაში განახლდა.