შატილის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ ორ პირს, შალვა ბოლოთაშვილსა და გოჩა გოგილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დაკავებულს ბრალი პროკურატურამ გუშინ წარუდგინა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რუსთაველები, 3 კი გადარჩა.