ხაზარაძე: არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას

“ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების არშეწყვეტას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და პოლიტიკური კრიზისიდან ყველაზე რეალისტური გამოსავალია სრულად პროპორციული არჩევნები.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნა არ შესრულდება, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი.

“პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ლელო და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას. ლელოს აზრით ყველაზე რეალისტურ გამოსავალად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე – ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი შემადგენლობით. 2022 წელი იმიტომ , რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება ერთდროულად არარეალურად გვეჩვენება”, – წერს ხაზარაძე.

ხაზარაძე მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში.