საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელეები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ხუთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ზედამხედველობა და მიღება დაევალა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ ამ კომისიის წევრები, არაჯეროვნად განახორციელეს დაკისრებული მოვალეობები, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.