მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე პარტიის ქმნის. პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, იწყებს კონსულტაციებს დამოუკიდებელი პოლიტიკურ იძალის შესაქმნელად:
“დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.
ამიტომ, გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა “ხალხისთვის” შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ,” — ამბობს ანა დოლიძე.
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად.
“ამავე დროს, პოლარიზებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი პოლიტიკური ელიტა ვერ წყვეტს უმთავრეს ამოცანას: პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ხალხის პრობლემები და ქვეყნის მომავალი პერსპექტივის ამოცანები.
ხელისუფლებისათვის, რომელიც მოსახლეობას ქვეყნის განვითარების გეგმას ვერ სთავაზობს, პოლარიზება მეხამრიდის როლს თამაშობს. ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის პირობებში დღის წესრიგის მიღმა მთლიანად დარჩა მთავარი: ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის და მისი სწრაფი მოდერნიზების ამოცანა,” — აცხადებს ანა დოლიძე.