ბაქრაძე: ახლა ყველაფერი – პასუხისმგებლობაც და ბურთიც, „ქართული ოცნების“ მოედანზეა

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ახლა ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე,  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

დავით ბაქრაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს საქართველოში ვიზიტის გახანგრძლივებისა და მოლაპარაკების გაგრძელებისათვის მადლობა გადაუხადა.

„იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ, პრაქტიკულად შეწყვიტა მოლაპარაკებები და დაგვიანონსა, რომ მოლაპარაკებები განახლდებოდა მხოლოდ ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მედიატორების და ევროკავშირის პოზიცია, რომლებმაც ნათლად აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოში შეთანხმების მიღწევა, კრიზისიდან გამოსვლა და მოგვცეს ყველას ერთად კიდევ ერთი შანსი დღეს იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ამიტომ, ამ შანსს სჭირდება გამოყენება. ჩვენ, ისევე, როგორც წინა დღეებში, სრულად ვართ განწყობილები, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და ქვეყანა კრიზისიდან შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ. ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, განსაკუთრებით გუშინდელი საღამოს შემდეგ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ახლა ყველაფერი, პასუხისმგებლობაც და ბურთიც, არის „ქართული ოცნების“ მოედანზე. თუ ხელისუფლება გაიაზრებს, რომ სახელმწიფოებრივად, ამ ქვეყნის მომავლისათვის, ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ქვეყანაში სტაბილუობისა და სიმშვიდისთვის, ადამიანების ნორმალური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება და კრიზისიდან გამოსვლა, ჩვენ კრიზისიდან გამოვალთ. თუ ხელისუფლება კვლავ ისე მიუდგება მოვლენებს, როგორც გუშინ, როდესაც უხაროდათ, რომ მილიონი ადამიანი ქუჩაში დგას საქართველოში, მაშინ ეს ქვეყანა იქნება კრიზისში და ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნება“ იქნება. ამიტომ, ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს.

ჩვენ მოვედით კიდევ ერთხელ, რომ გამოვიყენოთ კიდევ ერთი შანსი, რომელიც ბატონმა დანიელსონმა მისი დარჩენით დამატებით მოგვცა .მზად ვართ ვიმუშაოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს შანსი შედგეს, მაგრამ რომ შედგეს, ამისთვის პასუხისმგებლობის ლომის წილი მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.