გამყრელიძე: სამწუხაროდ, ისევ ჩნდება ილუზია, რომ დავამარცხეთ „კოვიდი“

მოვუწოდებ მოსახლეობას და უმორჩილესად ვთხოვ, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ – პირბადე, დისტანია, არა დიდი შეკრებები, ხელების ხშირი დამუშავება და ახლა უკვე ვაქცინაციაზე უარის ართქმა და ვაქცინირება,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ვითარება ქვეყანაში სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ორი თვის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო ერთ თვეში ​ინციდენტობის, დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებლები და ინდიკატორები გახლავთ სტაბილური, მაგრამ მარტის განმავლობაში ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ქვესვლა უკვე ​აღარ გვაქვს. ეს გასაგებია, რადგან შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა. სამწუხაროდ ისევ ჩნდება ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ „კოვიდი“, არადა ყოველდღიურად გვაქვს 200, 300, 400 შემთხვევა.

ძალიან შევამცირეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი. ისევ გვაქვს დიდი შეკრებებისკენ ლტოლვა და ეს არის ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების ძალიან დიდი რისკი. დღეს დილით დადებითობის მაჩვენებელი ისევ ორის ზემოთ ავიდა, მაშინ, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ის გვქონდა ყოველთვის ორი პროცენტის ქვემოთ ანუ ბოლო 14 დღის გვაქვს 1,55 პროცენტი, მარტის გვაქვს 1,58 და დღეს ისევ კუდი მოიქნია და გვაქვს 2,20 პროცენტი. ეს და კიდევ სხვა არაპირდაპირი ინდიკატორები მიუთითებს, რომ ყურადღება მოდუნდა, ისევ ვქმნით ილუზიას, რომ ვიმარჯვებთ, არადა გამარჯვებამდე ისევ ძალიან შორს არის. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას და უმორჩილესად ვთხოვ, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ – პირბადე, დისტანია, არა დიდი შეკრებები, ხელების ხშირი დამუშავება და ახლა უკვე ვაქცინაციაზე უარის ართქმა და ვაქცინირება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში დაასტაბილურებს ეპიდსიტუაციას და თუ ჩვენ მარტსა და აპრილს ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ შედარებით უფრო მსუბუქად და დიდი ალბათობით ავირიდებთ მესამე ტალღას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.