“მთელი გულით გილოცავთ გაზაფხულის ამ მშვენიერ, სახალხო დღესასწაულს”

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები ​ერთ-ერთი ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ ნაბიჯს თვლიან, რათა ყველაფერი მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მთელი გულით გილოცავთ გაზაფხულის ამ მშვენიერ, სახალხო დღესასწაულს. საქართველო აბსოლუტურად გამორჩეული ქვეყანაა და ქვემო ქართლის მხარე მით უფრო აძლიერებს ამ მრავალფეროვნებით. საინტერესოა ჩვენი ურთიერთთანაცხოვრება და ურთიერთთანამშრომლობა ამ მრავალფეროვნებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები ​ერთ-ერთი ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ ნაბიჯს თვლიან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის. დღევანდელი შეხვედრაც, ბატონი პრემიერისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის ასეთი აქტიური ჩართულობა ამ ღონისძიებაში ნიშნავს, რომ ეს დღე ერთიანად აღსანიშნავია ისევე, როგორც ჩვენ ძალიან მრავალ დღესასწაულს, როგორც მუსლიმურს, ასევე ქრისტიანულს აღვნიშნავთ ერთად და აი, ასე უნდა იყოს, რადგან ჩვენ ეს ურთიერთობა გვაძლევს იმ მყარ საფუძველს, მრავალსაუკუნოვან საფუძველს, რაც მოდის ჩვენი წინაპრებიდან და არც ერთი წუთი არ არის დასაკარგი იმისთვის, რომ რაღაც შევაჩეროთ და შევანელოთ ამ ორმხრივ ძმობასა და მეგობრობაში. ჩვენ ყოველწუთიერად და წამიერად უნდა ვაძლიეროთ ეს ურთიერთობა და დიდი მადლობა ამ შეგნებისთვის. მრავალს დაესწარით და წარმატებებს, საუკეთესო სურვილებს გისურვებთ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.