“ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა, “დროა” დაარსა.
“ეს არის პოლიტიკური მოძრაობა და ის რაც დავდე, ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იქნება, იუთუბ არხი, სადაც გევქნება ხოლმე რეგულარულად მხილება, ადამიანის ჯგუფების პრობლემების წინ წამოწევა. თუმცა ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, ხოლო დანარჩენებზე, გუნდზე და სხვა პლატფორმებზე, სადღაც მარტის ბოლოს გავაკეთებ პრეზენტაციას”, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მანამდე ხოშტარიამ ვიდეო მიმართვა იუთუბ არხზე გამოქვეყნა და განაცხადა, რომ ახალი მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება ამხილონ “კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოძალადეები, გამყალბებლები, ნეპოტიზმი, რუსეთთან კავშირები”.
“თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი ოჯახის, სოფლის, რაიონის მოსახლეობა უსამართლობისგან. ამაში თქვენ არ იქნებით მარტო. ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო”, -განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო 28 დეკემბერს დატოვა. მან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი თავისუფლებით, სითამამითა და დამოუკიდებლობით, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.