ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და ამას წინ “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება.
“არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას. მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას. ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!”, — წერს მდინარაძე ფეისბუქგვერდზე
მისივე თქმით, ის, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა “შავი არქივიდან” ამოღებული დამონტაჟებული მასალით ცდილობს ხალხის გაბრაზებას.
“ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას. და რას აკეთებს “ის”, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა, შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა”, — წერს მდინარაძე.