მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

სხდომაზე დაკავებულის უფლება დამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა მოსამართლეს განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და საჭიროა გამოჯანმრთელება.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა მან დუმილის უფლება გამოიყენა.

შემთხვევა თელავში 7 მარტს მოხდა. 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა.