რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში დასაქმების მსურველი?

საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.

დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსის, გიორგი ბუნტურის  ინფორმაციით, დასაქმება მოთხოვნის მიხედვით მოხდება.

“ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი.”-განაცხადა ბუნტურმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე, დაახლოებით აპრილის პირველ ნახევარში.

კითხვაზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ გერმანიაში დასაქმების მსურველები და რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება მათი შერჩევა?  ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ:

“შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი.წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს.”- განაცხადა გიორგი ბუნტურმა.

ამასთან, გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება  საათში 9.5 ევრო იქნება, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება.

რაც შეეხება ხარჯებს, საქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ ორივე მიმართულებით შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რის ხარჯსაც თავად ანაზღაურებს.  ასევე მოქალაქე ფარავს კვების და საცხოვრებლის ხარჯებს, თუმცა მოქალაქეს ბინის პოვნაში დამსაქმებელი ეხმარება.

 

მასალა მომზადებულია ipn-ის სტატიაზე დაყრდნობით.