როდის გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრები?

ჯანდაცვის სამინისტროში ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლების, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის უფროსის ბექა ფერაძისა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კვეტენაძის შეხვედრა დასრულდა.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ბავშვთა გასართობი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დააწესებენ მათზე ადაპტირებულ რეკომენდაციებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სექტორი გახსნის დროს იყოს მდგრადი.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას 2 კვირის შემდეგ, რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ გამოიტანს.

„გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბავშვთა გასართობი ცენტრის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მათთან ერთად დავაწესებთ მათზე ადაპტირებულ რეკომენდაციებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სექტორის გახსნის დროს მათი გახსნა იყოს მდგრადი და არ გაუხდეს სახელმწიფოს აუცილებლობა, რომ რეკომენდაციის დარღვევის გამო აუცილებელი გახდეს მათთვის შეზღუდვების დაწესება.

შევჯერდით, რომ მომდევნო 2 კვირა უნდა გამოვიყენოთ რათა რეკომენდაციები იყოს ადაპტირებული და მორგებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი კვირა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და სტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით მივიღოთ შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება. ჩვენ საბჭოს წარვუდგენთ შესაბამის რეკომენდაციას, სექტორის მზაობას და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება. ცხადია, ეს არის სახელმწიფოს ინტერესიც, რომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და ეკონომიკური მიმართულებით გარკვეული გახსნები კვლავ განაგრძოს”, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი მთიულიშვილის განცხადებით, აქვს იმედი, რომ 2 კვირის თავზე მათ გადაცდენა არ ექნებათ და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კარგი იყო. მივიღეთ პირობა, რომ დღეიდან 2 კვირის ვადაში შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმას, დააკვირდებიან ეპიდვითარებას და 2 კვირის თავზე მოხდება ჩვენი ობიექტების გახსნა. ასევე მივიღეთ პირობა, რომ ობიექტებს, რომლებიც დარეგისტრირებულია როგორც სარესტორნე მიმართულება, მას შეუძლია მიიღოს მომხმარებელი კვებით. იმედია, რომ გადაცდენა ჩვენგანაც არ იქნება და 2 კვირის შემდეგ სრულყოფილად დავუბრუნებდით იმ ფუნქციას, რაც დაკისრებული გვქონდა”, – აღნიშნა გიორგი მთიულიშვილმა.