სერგეენკო: საქართველო ევროინტეგრაციის კურსს ინარჩუნებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველაზე მთავარი იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე საუბრისას დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს კონკრეტული და ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

სერგეენკოს თქმით, სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის მთავრი თემა სწორედ ეს იქნება.

„ყველაზე მთავარი იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ინარჩუნებს ევროინტეგრაციის კურსს. უფრო მეტიც, საქართველოს აქვს კონკრეტული და ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. მთავარი, დომინანტი თემა ეს იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატო-ში.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.