ცერცვაძე: „ასტრაზენეკა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა

გამოჩნდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა – ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მზადყოფნა იმისათვის, რომ ვაქცინების სრული ათვისება მოხდეს.

„ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. ყველამ იცით, რომ უკვე შემოსულია და განაწილებულია ვაქცინის პირველი პარტია. ადგილი ჰქონდა დაგვიანებას სულ 2 კვირით, სამაგიეროდ შემდეგ პირიქით დაჩქარდა. „კოვაქსმა“ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპაში მეოთხე ქვეყანა რიგით, ვინც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ვაქცინა. ვინაიდან ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, პრაქტიკულად არის იმის გარანტია, რომ შემდეგი შემოსვლები განხორციელდება უწყვეტად და წლის ბოლომდე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აცრის მოსახლეობის იმ რაოდენობას, 60%-ს, რაც თავიდან იგეგმებოდა. არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინების შემოტანაზე და იქნება ეტაპობრივად და მუდმივად.

ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის ქვეყნის მზადყოფნა. ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს და ის ვერ იქნეს ათვისებული, ასეთი რამ დაემართა ძალიან ბევრ ქვეყანა, სადაც ვაქცინა დასაწყობებულია და ხარჯვა არის ძალიან დაბალი – აი ეს არ უნდა დავუშვათ და მთელი მობილიზაცია ახლა ჩვენი, სამედიცინო პერსონალის, ჟურნალისტების უნდა წარიმართოს ამ მიმართულებით, რამეთუ თქვენ იცით, რომ არსებობენ არაკეთილისმსურველებიც, არსებობენ ანტივაქსერებიც, რომლებსაც რწმენა აქვთ, რომ ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ, გამოჩნდნენ ისეთებიც, უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა და „ასტრაზენეკათი“ აცრაზე ისინი წინააღმდეგები არიან და ელოდებიან „ფაიზერს“ – ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, უკვე აცრილია 16 მილიონი ადამიანი ამ ვაქცინით მსოფლიოში და მათგან 11 მილიონი ინგლისში“, – განაცხადა ცერცვაძემ.