ბოკუჩავა: გადავწყვიტეთ, საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია მოხდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის – საპროტესტო ღონისძიებებისას. გუშინდელ შეხვედრაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ისევე, როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება, იყოს ორგანიზებული ერთობლივად ოპოზიციის მიერ.

„მოხდება საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, რათა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და იქნება ავტომობილებით მსვლელობა, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია.

13 მარტის ფართომასშტაბიანი აქცია, რომელიც ასევე იყო დაგეგმილი, გადავდეთ 20 მარტისთვის, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა მიშელმა დააწესა კონკრეტულად ორი კვირა, ანუ მხარეებს პრაქტიკულად მისცა ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ამ შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც არის მოხსენიებული იმ ჩარჩო-დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მოლაპარაკებების მაგიდაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება, იყოს ორგანიზებული ერთობლივად ოპოზიციის მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.