ბოლნისში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს, ხოლო მდინარის აუზი კალმახით დაათევზიანეს

ფოლადაურის ხეობაში ველური ბუნების სააგენტომ 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა, ხოლო მდინარე ფოლადაური-ხრამის აუზი კალმახით დაათევზიანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ველური ბუნების სააგენტოს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა  ფოლადაურის ხეობაში, სამონადირეო მეურნეობა შპს „კავკასიას“ ტერიტორიაზე, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.

სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ასევე მდინარე ფოლადაური-ხრამის აუზი „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახითა და ე.წ. „თვალების სტადიაზე“ მყოფი 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითით დაათევზიანეს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა , რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში უნდა ჩანაცვლდეს გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი.

მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს.