ცერცვაძე: ცნობადი სახეების აცრამ ვაქცინის მიმართ უნდობლობა შეამცირა

ცნობადი სახეების აცრამ გამოიწვია იმ უნდობლობის შემცირება, რაც იყო ვაქცინის მიმართ, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ვაქცინის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მხრივ სამედიცინო სექტორის მუშაობას დადებითად აფასებს.

„15 მარტიდან 26 მარტამდე სულ 400 კაცი იყო აცრილი, ახლა კი ხუთ დღეში მგონი 5 ათასი კაცია აცრილი. ეს რატომ მოხდა? ჯერ ერთი, ექიმების განმარტების გამო. ვთვლი, რომ კარგად იმუშავა სამედიცინო სექტორმა, რომ დადო მტკიცებულებები, რომ ლეტალური შემთხვევა შეიძლება იყოს 200 ათასში ერთხელ ან მილიონში ერთხელ და არ შეიძლება ამან პროცესი შეაფერხოს, ვინაიდან რისკისა და სარგებლის შეფარდება აშკარად სარგებლის სასარგებლოდ არის. მეორე კარგი საქმე გააკეთა ცნობადი სახეების აცრამ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ იცრება. ინიციატივის ფარგლებში პირველმა აცრა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაიკეთა, დღეს კი კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავა აიცრა.