მომსახურების სააგენტოში რიგებია – მანქანის ნომრის შეცვლის ვადა თვის ბოლოს იწურება

სატრანსპორტო საშუალებებზე ნომრების შეცვლის ვადა თვის ბოლოს იწურება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოებში რიგებია.  რიგებია მომსახურების სააგენტოს რუსთავის დეპარტამენტშიც.

ინფორმაციისთვის,ნომრის შეცვლა აუცილებელია ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, თუმცა მსუბუქი ავტომობილების მეპატრონეებს ერთი პრივილეგია აქვთ: მათ შეუძლიათ განაცხადი დისტანციურად, მობილური აპლიკაციის (SAGENCY) მეშვეობით შეავსონ და მიუთითონ, თუ რომელ ცენტრში სურთ ნომრის აღება.

ის, ვინც აპლიკაციას დისტანციურად შეავსებს, უფლება აქვს ნომერი თბილისშივე, ქავთარაძის N5ა-ში, აიღოს.  სხვა შემთხვევაში ნომრის აღება თბილისის გარდა, მომსახურების სააგენტოს ყველა დეპარტამენტშია შესაძლებელი. დისტანციური განაცხადის შევსებისას საფასურსაც აპლიკაციის მეშვეობით იხდით. სერიული ნომერი 35 ლარი დაგიჯდებათ, სარეგისტრაციო მოწმობის ღირებულება ასევე 35 ლარს შეადგენს.