2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. უკვე შესაძლებელია ნომინირება და აპლიკაციების წარდგენაც.
ღონისძიება განათლების კოალიციის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ გახსნა.
ღონისძიების დასასრულს კოალიციის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ეტაპები და კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, წელს განვაახლეთ სააპლიკაციო ფორმა. სიახლეა ისიც, რომ აპლიკანტებს კონკურსის პირველივე ეტაპზე მოუწევთ მოკლე ვიდეო ჩანაწერის გამოგზავნა, მათი პროფესიული საქმიანობის საკვანძო მიდგომებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, გავითვალისწინეთ აპლიკანტების უკუკავშირიც და შევამცირეთ მოთხოვნილი რეკომენდაციების რაოდენობა“, – განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.
მასწავლების ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 1-ლი მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული. მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება.
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.
ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წელს დაწესდა. ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ინფორმაციისთის,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკრუსის ათეულში 2020 წელს პედაგოგები ქვემო ქართლიდან მოხვდნენ.