ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია სრულდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს 2021 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ ისინი გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ცენტრი სთხოვს დაინტერესებულ პირებს, ყურადღებით გაეცნონ ინსტრუქციას და ვადის ამოწურვამდე გაიარონ რეგისტრაცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება: ძირითად ეტაპზე (31 მარტის 18:00 საათამდე) აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.