“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მან საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო გზავნილები, რომ “ქართული ოცნებისგან” კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
“ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ. და მომავალშიც მზად ვართ, რომ გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით.
ეს პრინციპები არის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ბუნებრივია ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები”,-განაცხადა კობახიძემ.